Monday, 2 January 2012

ირაკლი მახარაძის წიგნი: ,,ველური დასავლეთის” მხედრები (გურული მოჯირითეები ამერიკასა და ევროპაში).

 ამ რამოდენიმე დღის წინ ერთი ამოუსნთქვითა და დიდი სიამოვნებით წავიკითხე ირაკლი მახარაძის წიგნი:,,ველური დასავლეთის” მხედრები (გურული მოჯირითეები ამერიკასა და ევროპაში). წიგნს თან ახლავს საკმაოდ მდიდარი ფოტომასალა, რომელიც ავტორის პირად კოლექციაშია დაცული. თვითონ ნაშრომი ძირითადად აგებულია 1892-1914 წლების ამერიკული და ბრიტანული პერიოდიკის მასალებზე , გურული მხედრების მოგონებებზე და თანამედროვე ამერიკული ისტორიოგრაფიაზე დაყრდნობით. აღიარებული ფაქტია, რომ სწორედ ბაფალო ბილის შოუმ სადაც იღებდნენ მონაწილეობას გურული გლეხები რუსი კაზაკების სახელით ( ასე უკეთესად იყიდებოდნენ:))) დიდი წვლილი შეიტანა ამეიკული შოუ ბიზნესის ჩამოყალიბების საქმეში. მაყურებელს აღაფრთოვანებდა მათი გამოსვლა, თუმცა ამერიკელები მწარედ განიცდიდნენ როდესაც მათი ნაქები ,,კოვბოები” ,,კაზაკებთან” მარცხდებოდნენ. გურული მხედრები იმდენად პოპულარულნი იყვნენ, რომ ზოგიერთი მათგანი ამერიკის პრეზიდენტებმაც (ჯერ  კლივლენდმ და შემდეგ მაქქინლიმ )  კი მიიწვიეს თეთრ სახლში.
  წიგნს კიდევ უფრო საინტერესოს და სახასიათოს ხდის , ნაშრომის ბოლოს დართული უცნობი გურული მხედრის ჩანაწერები რომელიც ამერიკულ შოვში (ასე ეძახდნენ გურულები შოუს) მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამოდიოდა. აი რამოდენიმე ნაწყვეტი გურული მხედრი ჩანაწერებიდან:
,,ჩემ ერთ აფხანაკ ამერიკელს შევეკითხე: შავი ზღვა თუ იცი?
არაო კავკასია? არაო. საქართველო? სულ ნოუ ნოუს ჩივოდა...
აბა რა იცი შე უბედურო რაფერ ააშენეს ამ ოჯახდაქცეულებმა აი ქვეყანა? ”
,, რაცხა უცნაურ სასროლ ხმარობენ ბუმერანგს უძახიან ხისგანაა გამონათალი მოკავკული და ბრტყელი რუმ გეისვრი მერე თვითამ უკან გიბრუნდება. ასთე ნადირობენ. ერთმა შოვის კაცმა თხუა მასროლიეო ისროლე მარა ფრთხილათო. კაცმა ვაშკაცურა გეისროლა გაფრენით ქე გაფრინდა მარა მობრუნებული ვეღარ დეიჭირა და მოხთა სახეში და მუუნგრია ყპაი იი აბდალა გადარჩა მარა ყპა აკრული დეიარებოდა კარქა ხანს”.
,,პაწა დანაზოგი შევიტანე ბენქში შავი დღისთვის. სახში შენახვას ბენქში შენახვა ჯობია არაკაცი არ მოგპარავს:.
,,შოვში აბდლური წესები იყო ლოგინში ჩექმებით არ უნდა დაწვესო გაგიგია ამფერი ამბავი? მე უსტავლელი კაცი ვარ მარა აბდალა კი არ ვარ! სთუთქო უნდა თავში ამის დამწერს.”

 მოკლედ ჩემი რჩევა იქნება ერთი საღამო დაუთმეთ ამ წიგნს და არ ინანებთ.

http://www.palitratv.ge/gadacemebi/istoriani/12691-gadacema-istoriani-stumari-irakli-makharadze.html  ირაკლი მახარაძე საკუთარი წიგნის შესახებ გადაცემა ისტორიანში.
                                                                                                                              დიმიტრი სილაქაძე