Monday, 2 April 2012

გენერალ გიორგი კვინიტაძის მიმართვა რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს

   თანახმად მთავრობის დადგენილებისა, რომელიც გამოცხადებულია სამხედრო უწყების მიმართ ამა წლის 8 სექტ. ბრძანებაში, მე გამომეცხადა მადლობა ჩემი მოქმედებისათვის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალთა მთავარ სარდლად მყოფობის დროს და მასთან ერთად დაბრუნებული ვიქენი ძველ თანამდებობაზე სამხედრო სკოლის უფროსად.
  საქართველოს მეომარნო! უკანასკნელ 4 თვის განმავლობაში მე ვიდექი თქვენს სათავეში და გიწევდით შეძლებისდაგვარად ხელმძღვანელობას მთელი ჩემი ძალით. წინადაც, როგორც მშვიდობიანობისას, ისე სამხედრო მოქმედების დროსაც , მე არა ერთხელ შემხვედრია წილად თქვენს სათავეში ყოფნა. ჩემთვის ძვირფას და მშობლიურ მხედრობაში, ჩემ ძვირფას მეომართა შორის გატარებულ დროს მე ვსთვლი ჩემი ცხოვრებისა და სამსახურის უბედნიერეს ხანათ. ჩემი უფროსობის ყოფნისას თქვენ არა ერთხელ დაამტკიცეთ თქვენი ერთგულება და სიყვარული სამშობლოსადმი.
 საქართველოს გმირებო ! თქვენ კეთილსინდისიერად მოიხადეთ ვალი სამშობლოს წინაშე. თქვენ ღვრიდით საკუთარ სისხლს, ხშირად განიცდიდით სიმშილ-სიცივეს, მაგრამ მტკიცედ გახსოვდათ თქვენი მოვალეობა და მიუხედავათ გაჭირვება სიძნელისა , თქვენ , ჯარმა და გვარდიამ თქვენი გმირული გულმკერდით შეინარჩუნეთ სამშობლოს დამოუკიდებლობა და ყველაფერი ის, რაც მისცა ჩვენ ქვეყანას რევოლუციამ, თქვენ იცლებოდით სისხლისაგან საომარ ველზე თქვენზე უფრო მრავალ რიცხოვან მტერთან ბრძოლის დროს, თქვენ გადალახეთ უმაღლესი და ძნელათ გასავალი მთები , გადაიარეთ მდინარეები, თქვენ როგორც არწივნი თავს დასტრიალებდით ჩვენი სამშობლოს სადარაჯოებს. მიმოფრინავდით ერთი საზღვრიდან მეორე საზღვარზე და მეხივით ეკვეთებოდით მტერს.
  ჯარისა და გვარდიის მეომარნო! თქვენ მხარ და მხარ ერთმანეთთან ღვრიდით სისხლს ჩვენი სამშობლოს დასაცავათ და ამით კიდევ უფრო მტკიცედ დაუკავშირდით ერთმანეთს.
   წითელ ხიდთან ბრძოლის დროს სახალხო გვარდია გმირულათ იბრძოლა უფრო მრავალრიცხოვან მტერთან , რომელიც მანამდე ძლევა-მოსილათ მოდიოდა ათას ვერსტს. მაგრამ საქართველოს შვილებმა  პირველ შეტაკებისთანავე დაამარცხეს ის და უკუ აგდეს შორს ჩვენი საზღვრებიდან. გვარდია ღირსეულად და სრული თავგანწირვით იბრძოდა მტერთან, რათა იმის სურვილით გატაცებული მუდმივი ჯარისათვის საშუალება მიეცა მტრის შესახვედრათ მომზადებულიყო  და გვარდიამ ჩვენი სახელოვანი წინაპრებივით შეასრულა თავისი მოვალეობა გმირულათ და სახელოვნათ.
   მე უნდა დავადასტურო , რომ თქვენ, საქართველოს მეომარნო, იბრძოდით თქვენი მოვალეობის სრული შეგნებით. თქვენთვის საჭირო არ იყო მოცემულ დავალების შესასრულებლათ ძალდატანება, თქვენთვის მხოლოდ მიზნის დასახელება იყო საკმარისი და თქვენ ყოველთვის სრული შეგნებით და მხურვალე გულებით ეკვეთებოდით მტერს. უფროსობა და ხელმძღვანელობა ასეთი მხედრობისა, რომელსაც უსაზღვროთ უყვარს თავისი სამშობლო და მტკიცეთ ესმით თავისი მოვალეობა მის წინაშე, ყოველი სამხედრო პირისათვის არის უაღრესი ბედნიერება. ჩვენს ძვირფას და სასიქადულო სამშობლოს ხსოვნაში ყოველთვის იქნება თქვენი გმირობა და მამაცობა, ის ყოველთვის მადლობით მოიგონებს თავის სახელოვან შვილებს.
  ვსტოვებ რა მთავარსარდლის თანამდებობას, მე მსურს სრული პატივისცემით და მხურვალეთ აღვნიშნო თქვენი გმირული სამსახური სამშობლოსადმი. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ხართ ღირსეული შვილნი ჩვენი ღირსეული წინაპრებისა.
   აღსდგენ  საქართველოს ძველი გმირები. დიდება სამშობლოს, დიდება თქვენ, გაუმარჯოს საქართველოს და მის სახელოვან მხედრობას.

                                                                                                   გენერალი კვინიტაძე

                                 საქართველოს რესპუბლიკა. 1920 წელი. 12 სექტემბერი.


                                      დოკუმენტური ფილმი გიორგი კვინიტაძის შესახებ

Monday, 2 January 2012

ირაკლი მახარაძის წიგნი: ,,ველური დასავლეთის” მხედრები (გურული მოჯირითეები ამერიკასა და ევროპაში).

 ამ რამოდენიმე დღის წინ ერთი ამოუსნთქვითა და დიდი სიამოვნებით წავიკითხე ირაკლი მახარაძის წიგნი:,,ველური დასავლეთის” მხედრები (გურული მოჯირითეები ამერიკასა და ევროპაში). წიგნს თან ახლავს საკმაოდ მდიდარი ფოტომასალა, რომელიც ავტორის პირად კოლექციაშია დაცული. თვითონ ნაშრომი ძირითადად აგებულია 1892-1914 წლების ამერიკული და ბრიტანული პერიოდიკის მასალებზე , გურული მხედრების მოგონებებზე და თანამედროვე ამერიკული ისტორიოგრაფიაზე დაყრდნობით. აღიარებული ფაქტია, რომ სწორედ ბაფალო ბილის შოუმ სადაც იღებდნენ მონაწილეობას გურული გლეხები რუსი კაზაკების სახელით ( ასე უკეთესად იყიდებოდნენ:))) დიდი წვლილი შეიტანა ამეიკული შოუ ბიზნესის ჩამოყალიბების საქმეში. მაყურებელს აღაფრთოვანებდა მათი გამოსვლა, თუმცა ამერიკელები მწარედ განიცდიდნენ როდესაც მათი ნაქები ,,კოვბოები” ,,კაზაკებთან” მარცხდებოდნენ. გურული მხედრები იმდენად პოპულარულნი იყვნენ, რომ ზოგიერთი მათგანი ამერიკის პრეზიდენტებმაც (ჯერ  კლივლენდმ და შემდეგ მაქქინლიმ )  კი მიიწვიეს თეთრ სახლში.
  წიგნს კიდევ უფრო საინტერესოს და სახასიათოს ხდის , ნაშრომის ბოლოს დართული უცნობი გურული მხედრის ჩანაწერები რომელიც ამერიკულ შოვში (ასე ეძახდნენ გურულები შოუს) მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამოდიოდა. აი რამოდენიმე ნაწყვეტი გურული მხედრი ჩანაწერებიდან:
,,ჩემ ერთ აფხანაკ ამერიკელს შევეკითხე: შავი ზღვა თუ იცი?
არაო კავკასია? არაო. საქართველო? სულ ნოუ ნოუს ჩივოდა...
აბა რა იცი შე უბედურო რაფერ ააშენეს ამ ოჯახდაქცეულებმა აი ქვეყანა? ”
,, რაცხა უცნაურ სასროლ ხმარობენ ბუმერანგს უძახიან ხისგანაა გამონათალი მოკავკული და ბრტყელი რუმ გეისვრი მერე თვითამ უკან გიბრუნდება. ასთე ნადირობენ. ერთმა შოვის კაცმა თხუა მასროლიეო ისროლე მარა ფრთხილათო. კაცმა ვაშკაცურა გეისროლა გაფრენით ქე გაფრინდა მარა მობრუნებული ვეღარ დეიჭირა და მოხთა სახეში და მუუნგრია ყპაი იი აბდალა გადარჩა მარა ყპა აკრული დეიარებოდა კარქა ხანს”.
,,პაწა დანაზოგი შევიტანე ბენქში შავი დღისთვის. სახში შენახვას ბენქში შენახვა ჯობია არაკაცი არ მოგპარავს:.
,,შოვში აბდლური წესები იყო ლოგინში ჩექმებით არ უნდა დაწვესო გაგიგია ამფერი ამბავი? მე უსტავლელი კაცი ვარ მარა აბდალა კი არ ვარ! სთუთქო უნდა თავში ამის დამწერს.”

 მოკლედ ჩემი რჩევა იქნება ერთი საღამო დაუთმეთ ამ წიგნს და არ ინანებთ.

http://www.palitratv.ge/gadacemebi/istoriani/12691-gadacema-istoriani-stumari-irakli-makharadze.html  ირაკლი მახარაძე საკუთარი წიგნის შესახებ გადაცემა ისტორიანში.
                                                                                                                              დიმიტრი სილაქაძე

Saturday, 17 December 2011

პირველი ტანკები ბრძოლის ველზე - სომას ბრძოლა

  პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან, მოკლე ხანში ბრძოლები ,,პოზიციურ ჩიხში“ შევიდა. ომის საწყის ეტაპზე, დაპირისპირებული მხარეები ცდილობდნენ ერთმანეთისათვის ფლანგიდან შემოევლოთ და ზურგში გასულიყვნენ , ამის გამო ფრონტის ხაზი უსაშველოდ გაიწელა და საბოლოოდ ატლანტიკის ოკეანესთან დასრულდა. ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო მოწინააღმდეგისათვის შემოვლა. საბრძოლო მოქმედებათ ფრონტები დაისერა: მავთულხლართებით, სანგრებით, საცეცხლე წერტებით თუ უფრო ძლიერი სასიმაგრო სისტემებით. შემტევი მხარის იერიში, მოწინააღმდეგის სანგრებიდან წამოსული ძლიერი ცეცხლის გამო საწყის ეტაპზევე იფუშებოდა. სამხედრო სტრატეგებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე თუ როგორ დაეძლიათ ეს პრობლემა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევა ფრონტის ვიწრო მონაკვეთზე საარტილერიო სისტემების მაქსიმალური რაოდენობის გამოყენებით შეიძლებოდა, თუმცა ამ მოსაზრების მცდარობა ვერდენისა და სომას სტრატეგიულმა ოპერაციებმა ნათლად დაადასტურა. იყო მცდელობა მომწამლავი აირების გამოყენებით მიეღწიათ შედეგისათვის, მაგრამ არც ამ ხერხმა გაამართლა. ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში 1915 წლის 7 ივლისს პირველად შეიკრიბა ანტანტის წევრი ქვეყნების სამხედრო კონფერენცია. მოკავშირე სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, უნდა დაეგეგმა შემდგომი სამხედრო ოპერაციები და კოორდინირებულად ემოქმედათ. ამავე წლის დეკემბერში მათ მიიღეს გადაწყვეტილება, მომავალ 1916 წლისთვის საკუთარ ფრონტებზე სტრატეგიული ოპერაციების ჩაეტარებინათ და გერმანელები და მისი მოკავშირეები ყველა მხრიდან შეევიწროებინათ. ფრანგებსა და ბრიტანელების საექსპედიციო კორპუსს შეტევა უნდა განეხორციელებინათ საფრანგეთის ტერიტორიაზე მდინარე სომას ორივე სანაპიროზე და გაერღვიათ მათ წინ მდგომი გერმანული მეორე არმიის თავდაცვის ზონა, შემდეგ განევითარებინათ შეტევა კამბრესა და ვალანსიენისაკენ და მიეყენებინათ დარტყმა ფლანგსა და ზურგში გერმანული არმიათა ჯგუფისათვის.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით ბრიტანულ-ფრანგულ 64 დივიზიას უნდა გაერღვია ფრონტის 70 კილომეტრიანი მონაკვეთი, თუმცა გერმანელებმა მოკავშირეებისაგან მოულოდნელად თვითონ დაიწყეს გრანდიოზული სამხედრო ოპერაცია ვერდენთან, რამაც ფრანგული ძალების დიდი ნაწილი ამ მიმართულებით ჩაითრია ბრძოლებში. ამიტომ სომას ოპერაციის დაწყებისას ბრიტანელებს და ფრანგებს რეზერვის ჩათვლით მხოლოდ 35 -მდე დივიზიის მობილიზება შეძლეს სომას ნაპირებზე და გასარღვევი ფრონტის ხაზიც 40კმ-მდე შემცირდა. ფრონტის ამ მონაკვეთზე გერმანულ არმიას რეზერვის ჩათვლით მხოლოდ 15 დივიზია ჰყავდა. მათი თავდაცვის ზონა სამი პოზიციისაგან შედგებოდა სიღრმით 8-10კმ.
     ოპერაციის დაგეგმვის პროცესში მოკავშირეთა სტრატეგები ,,პოზიციური ჩიხის“ გარღვევას არტილერიის მასიური გამოყენებით აპირებდნენ, არტილერია მოსპობდა გერმანელთა თავდაცვით ზღუდეებს და შემდეგ ქვეითები იოლად შეძლებდნენ მოწინააღმდეგეების პოზიციების დაკავებას. ამიტომ მოკავშირეებმა თავი მოუყარეს 1500-ზე მეტ საარტილერიო დანადგარს. რომლის ცეცხლსაც გერმანული თავდაცვის ზღუდეები მთლიანად უნდა გამოეყვანა მწყობრიდან. მათი გეგმით მოწინააღმდეგის განადგურება მეთოდურად ყოველგვარი სისწრაფის გარეშე უნდა მომხდარიყო, უფრო დიდი ყურადღება უნდა მიქცეოდა წესრიგს ვიდრე სისწრაფეს. ოპერაციისათვის მზადება დეკემბრიდან ივნისის ბოლომდე არ შეჩერებულა, საბრძოლო მოქმედებათა რაიონში მიზიდეს დიდი რაოდენობით: ფურაჟი, საბრძოლო საშუალებები, დიდი ყურადღება ექცეოდა გზების მდგომარეობას. ოპერაციაში ჩართული იყო დიდი რაოდენობით ავიაცია. მოკავშირეები საკუთარ მოქმედებებს დიდად არ ნიღბავდნენ, როგორც მათი მოწინააღმდეგე ვერდენთან , რადგანაც გერმაანელებს რეზერვის ნაწილი გადაესროლათ სომასაკენ და შეესუსტებინათ დაწოლა ვერდენზე. ამიტომ მათ საარტილერიო ცეცხლი ქვეითების შეტევაზე გადასვლამდე 7 დღით ადრე 24 ივნისს გახსნეს და მასირებული დაბობვების შემდეგ, 1 ივლისს დილის 7:30 წუთზე შეტევაზე გადავიდნენ. მდინარის სამხრეთით შემტევმა ფრანგულმა ნაწილებმა პირველივე დღეებში დაიკავეს, გერმანელთა პირველი პოზიციები თუმცა წარმატებული სვლა ვეღარ განაგრძეს. წარუმატებელი აღმოჩნდა ბრიტანელების მეოთხე არმიის შეტევები მდინარის ჩრდილოეთით, მათ მხოლოდ პირველ დღეს მოკლულთა, დაჭრილთა, დატყვევებულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა სახით 55 000-ზე მეტი კაცი დაკარგეს. შემტევი ნაწილები ივლის-აგვისტოში მასირებული საარტილერიო დაბომბვებისა და უდიდესი მსხვერპლის მიუხედავად კუს ნაბიჯებით მიიწევდნენ წინ, ბრძოლები მიმდინარეობდა თითოეული მეტრისათვის, ,,პოზიციური ჩიხი“ ვერ იქნა დაძლეული.
მოკავშირეებმა ოპერაციის ახალი ეტაპი 3 სექტემბრიდან დაიწყეს, მათი ცოცხალი ძალა 58 დივიზიამდე გაიზარდა, 1900-მა საარტილეrიო დანაგდარმა კი მოწინააღმდეგეს ცეცხლისა და ლითონის სეტყვა დააყარა. ოპერაციის ამ ეტაპის ფარგლებში ბრიტანელებმა გამოიყენეს ახალი საბრძოლო მანქანა - ტანკი Mark I. შეჯავშნულ და მუხლუხებიან საბრძოლო მანქანაზე მუშაობა, ბრიტანელებმა ჯერ კიდევ 1915 წელს დაიწყეს. შეიქმნა ყუთის მსგავსი ორი საექსპერიმენტო მოდელი Little Willy (პატარა ვილი) და Mother (დედა). ამ მოდელების საფუძველზე მომავალში აწყობილ იქნა, კოშკურის არმქონე მძიმე ტანკები . ახალ საბრძოლო მანქანას, უპრობლემოდ უნდა გადაელახა მოწინააღმდეგის პოზიციების წინ არსებული მავთულხლართები და სანგრებიდან გახსნილ ცეცხლს ის ვერ უნდა დაეზიანებინა. შეიქმნა Mark I-ის ორი მოდელი: მამალი და დედალი. მათ შორის განსხვავება ის იყო, რომ ,,მამალი“ ოდნავ უფრო მეტს იწონიდა და შეიარაღებული იყო ტყვიამფრქვევებით და ორი 57მმ-იანი ქვემეხით, ხოლო დედალს მხოლოდ ტყვიამფრქვევები ჰქონდა. სულ გამოუშვეს 75 ,,მამალი“ და 75 ,,დედალი“ ტანკი. საბრძოლო მანქანა 30-მდე ტონას იწონიდა, ეკიპაჟი 8 წევრისაგან შედგებოდა, ძრავის სიმძლავრე შეადგენდა 105 ცხენის ძალას. ტანკის მაქსიმალური სიჩქარე იყო 6,4 კმ/სთ, თუმცა რადგანაც ტანკს არაერთგვაროვან რელიეფზე უწევდა მოქმედება მისი სიჩქარე იშვიათად თუ აღემატებოდა 3კმ/სთ-ს. საბრძოლო მანქანის 57მმ-იანი ქვემეხების ეფექტური სასროლი მანძილი 1800 მეტრს აღწევდა, ტანკს შეეძლო 3,5 მეტრიანი თხრილის გადალახვა.
  ბრიტანელთა მეოთხე არმიამ, ახალი საიდუმლო საბრძოლო მანქანა პირველად, 15 სექტემბერს 9 კილომეტრიან ფრონტის მონაკვეთზე გამოიყენა. მიუხედავად ტექნიკური ხარვეზებისა რის გამოც , ოპერაციაში ჩართული 49 ტანკიდან ყველამ ვერ მიაღწია ფრონტის ხაზამდე, შედეგი განსაცვიფრებელი იყო. გერმანელი ჯარისკაცები პანიკაში ჩააგდო ახალი მონსტრის გამოჩენამ, ერთ-ერთ მათგანს მოეჩვენა, რომ მათკენ ნამდვილი ეშმაკი მიემართებოდა. შეშინებული ჯარისკაცის სიტყვები უმალ მოედო ახლომდებარე სანგრებს. სოფელი ფლერი კი ერთი ტანკით იქნა აღებული და 300 გერმანელი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა, დანარჩენებმა კი გაქცევით უშველეს თავს . სოფლის აღებისას ბრიტანელების რიგებში მსხვერპლი არ ყოფილა. მთლინობაში, რამოდენიმე საათში რამდენიმე მნიშვნელოავნი პუნქტი იქნა დაკავებული, ბრიტანელთა არმიამ 3-4 კილომეტრით წინა წაიწია, ზუსტად იმდენით რამდენიც მანამდე 65 დღიანი ბრძოლებით ჰქონდათ დაკავებული. მიუხედავათ წარმატებისა, 15 სექტემბრის ბრძოლები მხოლოდ ტაქტიკური ხასიათის გამარჯვების მომტანი გამოდგა . ამის შემდეგ ოპერაციის მსვლელობისას ტანკები მხოლოდ ორჯერ 25-26სექტემბერს და 13-14 ნოემბერს გამოიყენეს. ამის მიზეზი ახალი საბრძოლო მანქანების გაუმართაობა, მცირე რაოდენობა, ექსპლუატაციის მძიმე პირობები და მოქმედების ტაქტიკის დაუმუშავებლობა იყო.
სომას სტრატეგიული ოპერაცია 18 ნოემბერს შეწყდა, ფრანგებმა და ბრიტანელებმა საკუთარი გეგმა ვერ შეასრულეს, მათ მოწინააღმდეგეს მხოლოდ ათიოდე კილომეტრით დაახევინეს უკან, სადაც გერმანელებმა ახალი თავდაცვითი ხაზი დაიკავეს. ბრიტანელთა და ფრანგთა საბრძოლო დანაკარგებმა 700 000 ადამიანს მიაღწია, აქედან დაახლოებით 150 000-მდე დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა, ხოლო გერმანელთა დანაკრგმა 500 000-ს მიაღწია, აქედან დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიღუპა 165 000-მდე ადამიანი. მიუხედავად მიზნის შეუსრულებლობისა, მთლიანობაში სომასა და 1916 წელს წარმოებული სხვა ოპერაციები ანტანტის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკისათვის წარმატებული გამოდგა და სტრატეგიული ინიციატივა მათ ხელში გადავიდა.,,მისი უდიდებულესობა“ ტანკების გამოყენება მართალია მხოლოდ ტაქტიკური გამარჯვების მომტანი გამოდგა , მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბევრად უფრო დაიხვეწა ამ საბრძოლო მანქანების ტექნიკურ-ტაქტიკური მონაცემები და გამოყენების ტაქტიკა, ომები უფრო მანევრირებადი გახდა და ,,პოზიციური ჩიხის“ პრობლემაც ისტორიას ჩაბარდა.


                                                                                      დიმიტრი სილაქაძე