Monday, 2 April 2012

გენერალ გიორგი კვინიტაძის მიმართვა რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს

   თანახმად მთავრობის დადგენილებისა, რომელიც გამოცხადებულია სამხედრო უწყების მიმართ ამა წლის 8 სექტ. ბრძანებაში, მე გამომეცხადა მადლობა ჩემი მოქმედებისათვის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალთა მთავარ სარდლად მყოფობის დროს და მასთან ერთად დაბრუნებული ვიქენი ძველ თანამდებობაზე სამხედრო სკოლის უფროსად.
  საქართველოს მეომარნო! უკანასკნელ 4 თვის განმავლობაში მე ვიდექი თქვენს სათავეში და გიწევდით შეძლებისდაგვარად ხელმძღვანელობას მთელი ჩემი ძალით. წინადაც, როგორც მშვიდობიანობისას, ისე სამხედრო მოქმედების დროსაც , მე არა ერთხელ შემხვედრია წილად თქვენს სათავეში ყოფნა. ჩემთვის ძვირფას და მშობლიურ მხედრობაში, ჩემ ძვირფას მეომართა შორის გატარებულ დროს მე ვსთვლი ჩემი ცხოვრებისა და სამსახურის უბედნიერეს ხანათ. ჩემი უფროსობის ყოფნისას თქვენ არა ერთხელ დაამტკიცეთ თქვენი ერთგულება და სიყვარული სამშობლოსადმი.
 საქართველოს გმირებო ! თქვენ კეთილსინდისიერად მოიხადეთ ვალი სამშობლოს წინაშე. თქვენ ღვრიდით საკუთარ სისხლს, ხშირად განიცდიდით სიმშილ-სიცივეს, მაგრამ მტკიცედ გახსოვდათ თქვენი მოვალეობა და მიუხედავათ გაჭირვება სიძნელისა , თქვენ , ჯარმა და გვარდიამ თქვენი გმირული გულმკერდით შეინარჩუნეთ სამშობლოს დამოუკიდებლობა და ყველაფერი ის, რაც მისცა ჩვენ ქვეყანას რევოლუციამ, თქვენ იცლებოდით სისხლისაგან საომარ ველზე თქვენზე უფრო მრავალ რიცხოვან მტერთან ბრძოლის დროს, თქვენ გადალახეთ უმაღლესი და ძნელათ გასავალი მთები , გადაიარეთ მდინარეები, თქვენ როგორც არწივნი თავს დასტრიალებდით ჩვენი სამშობლოს სადარაჯოებს. მიმოფრინავდით ერთი საზღვრიდან მეორე საზღვარზე და მეხივით ეკვეთებოდით მტერს.
  ჯარისა და გვარდიის მეომარნო! თქვენ მხარ და მხარ ერთმანეთთან ღვრიდით სისხლს ჩვენი სამშობლოს დასაცავათ და ამით კიდევ უფრო მტკიცედ დაუკავშირდით ერთმანეთს.
   წითელ ხიდთან ბრძოლის დროს სახალხო გვარდია გმირულათ იბრძოლა უფრო მრავალრიცხოვან მტერთან , რომელიც მანამდე ძლევა-მოსილათ მოდიოდა ათას ვერსტს. მაგრამ საქართველოს შვილებმა  პირველ შეტაკებისთანავე დაამარცხეს ის და უკუ აგდეს შორს ჩვენი საზღვრებიდან. გვარდია ღირსეულად და სრული თავგანწირვით იბრძოდა მტერთან, რათა იმის სურვილით გატაცებული მუდმივი ჯარისათვის საშუალება მიეცა მტრის შესახვედრათ მომზადებულიყო  და გვარდიამ ჩვენი სახელოვანი წინაპრებივით შეასრულა თავისი მოვალეობა გმირულათ და სახელოვნათ.
   მე უნდა დავადასტურო , რომ თქვენ, საქართველოს მეომარნო, იბრძოდით თქვენი მოვალეობის სრული შეგნებით. თქვენთვის საჭირო არ იყო მოცემულ დავალების შესასრულებლათ ძალდატანება, თქვენთვის მხოლოდ მიზნის დასახელება იყო საკმარისი და თქვენ ყოველთვის სრული შეგნებით და მხურვალე გულებით ეკვეთებოდით მტერს. უფროსობა და ხელმძღვანელობა ასეთი მხედრობისა, რომელსაც უსაზღვროთ უყვარს თავისი სამშობლო და მტკიცეთ ესმით თავისი მოვალეობა მის წინაშე, ყოველი სამხედრო პირისათვის არის უაღრესი ბედნიერება. ჩვენს ძვირფას და სასიქადულო სამშობლოს ხსოვნაში ყოველთვის იქნება თქვენი გმირობა და მამაცობა, ის ყოველთვის მადლობით მოიგონებს თავის სახელოვან შვილებს.
  ვსტოვებ რა მთავარსარდლის თანამდებობას, მე მსურს სრული პატივისცემით და მხურვალეთ აღვნიშნო თქვენი გმირული სამსახური სამშობლოსადმი. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ხართ ღირსეული შვილნი ჩვენი ღირსეული წინაპრებისა.
   აღსდგენ  საქართველოს ძველი გმირები. დიდება სამშობლოს, დიდება თქვენ, გაუმარჯოს საქართველოს და მის სახელოვან მხედრობას.

                                                                                                   გენერალი კვინიტაძე

                                 საქართველოს რესპუბლიკა. 1920 წელი. 12 სექტემბერი.


                                      დოკუმენტური ფილმი გიორგი კვინიტაძის შესახებ

Monday, 2 January 2012

ირაკლი მახარაძის წიგნი: ,,ველური დასავლეთის” მხედრები (გურული მოჯირითეები ამერიკასა და ევროპაში).

 ამ რამოდენიმე დღის წინ ერთი ამოუსნთქვითა და დიდი სიამოვნებით წავიკითხე ირაკლი მახარაძის წიგნი:,,ველური დასავლეთის” მხედრები (გურული მოჯირითეები ამერიკასა და ევროპაში). წიგნს თან ახლავს საკმაოდ მდიდარი ფოტომასალა, რომელიც ავტორის პირად კოლექციაშია დაცული. თვითონ ნაშრომი ძირითადად აგებულია 1892-1914 წლების ამერიკული და ბრიტანული პერიოდიკის მასალებზე , გურული მხედრების მოგონებებზე და თანამედროვე ამერიკული ისტორიოგრაფიაზე დაყრდნობით. აღიარებული ფაქტია, რომ სწორედ ბაფალო ბილის შოუმ სადაც იღებდნენ მონაწილეობას გურული გლეხები რუსი კაზაკების სახელით ( ასე უკეთესად იყიდებოდნენ:))) დიდი წვლილი შეიტანა ამეიკული შოუ ბიზნესის ჩამოყალიბების საქმეში. მაყურებელს აღაფრთოვანებდა მათი გამოსვლა, თუმცა ამერიკელები მწარედ განიცდიდნენ როდესაც მათი ნაქები ,,კოვბოები” ,,კაზაკებთან” მარცხდებოდნენ. გურული მხედრები იმდენად პოპულარულნი იყვნენ, რომ ზოგიერთი მათგანი ამერიკის პრეზიდენტებმაც (ჯერ  კლივლენდმ და შემდეგ მაქქინლიმ )  კი მიიწვიეს თეთრ სახლში.
  წიგნს კიდევ უფრო საინტერესოს და სახასიათოს ხდის , ნაშრომის ბოლოს დართული უცნობი გურული მხედრის ჩანაწერები რომელიც ამერიკულ შოვში (ასე ეძახდნენ გურულები შოუს) მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამოდიოდა. აი რამოდენიმე ნაწყვეტი გურული მხედრი ჩანაწერებიდან:
,,ჩემ ერთ აფხანაკ ამერიკელს შევეკითხე: შავი ზღვა თუ იცი?
არაო კავკასია? არაო. საქართველო? სულ ნოუ ნოუს ჩივოდა...
აბა რა იცი შე უბედურო რაფერ ააშენეს ამ ოჯახდაქცეულებმა აი ქვეყანა? ”
,, რაცხა უცნაურ სასროლ ხმარობენ ბუმერანგს უძახიან ხისგანაა გამონათალი მოკავკული და ბრტყელი რუმ გეისვრი მერე თვითამ უკან გიბრუნდება. ასთე ნადირობენ. ერთმა შოვის კაცმა თხუა მასროლიეო ისროლე მარა ფრთხილათო. კაცმა ვაშკაცურა გეისროლა გაფრენით ქე გაფრინდა მარა მობრუნებული ვეღარ დეიჭირა და მოხთა სახეში და მუუნგრია ყპაი იი აბდალა გადარჩა მარა ყპა აკრული დეიარებოდა კარქა ხანს”.
,,პაწა დანაზოგი შევიტანე ბენქში შავი დღისთვის. სახში შენახვას ბენქში შენახვა ჯობია არაკაცი არ მოგპარავს:.
,,შოვში აბდლური წესები იყო ლოგინში ჩექმებით არ უნდა დაწვესო გაგიგია ამფერი ამბავი? მე უსტავლელი კაცი ვარ მარა აბდალა კი არ ვარ! სთუთქო უნდა თავში ამის დამწერს.”

 მოკლედ ჩემი რჩევა იქნება ერთი საღამო დაუთმეთ ამ წიგნს და არ ინანებთ.

http://www.palitratv.ge/gadacemebi/istoriani/12691-gadacema-istoriani-stumari-irakli-makharadze.html  ირაკლი მახარაძე საკუთარი წიგნის შესახებ გადაცემა ისტორიანში.
                                                                                                                              დიმიტრი სილაქაძე